აკაკი წერეთელი და ჯვარი


დიდი ქართველი მწერლის და საზოგადო მოღვაწის აკაკის წერეთლის და მავრა (მატა) როსტომის ასული წერეთელი გახლდათ მეუღლე სოფელ ჯვარის მკვიდრის ალექსანდრე (ვამეხ) დადიანისა. მატას და ალექსანდრეს ჰყავდათ ერთადერთი ქალიშვილი, შემდგომში ცნობილი საზოგადო მოღვაწე ანეტა დადიანი, რომელიც 1872 წელს დაბადებულა სოფელ ჯვარში.იგი აკაკი წერთლის ერთადერთი დისშვილი გახლდათ. ანეტა ადრე დაობლებულა. მიუხედავად ამისა, მას არ უგრძვნია ობლობა. სახელოვანმა ბიძამ, აკაკიმ, იგი ჯვარიდან თავის მშობლიურ სოფელ სხვიტორში წაიყვანა აღსაზრდელად. დისწულის მიმართ აკაკი დიდ ყურადღებასა და მზრუნველობას იჩენდა. ანეტა ადრე გათხოვდა. მისი მეუღლე გახლდათ ცნობილი ჯანსუღ დადაშქელიანი. ჯანსუღი თავის დროზე დიდ თანამდებობას ფლობდა. იგი იყო ზუგდიდის მაზრის უფროსის თანაშემწე, ქუთაისის მაზრის უფროსი, სვანეთის პოლიციის ბოქაული, დაღესტნის ოლქის სამხედრო გუბერნატორის თანაშემწე, ქუთაისის გუბერნატორი. მათ შეეძინათ ორი ვაჟიშვილი, ალექსანდრე და თარხანი, რომლებიც დაიღუპნენ I მსოფლიო ომში. გადმოცემით ალექსანდრე, რომელიც ასევე სამხედრო პირი გახლდათ, რუსეთის ჯარში მოღვაწეობდა, და თურქებთან ბრძოლას შეეწირა 1914 წელს, ხოლო თარხანი, რუსეთის ერთ-ერთი ქალაქის სამედიცინო ფაკულტეტის მე-4 კურსის სტუდენტი, მოხალისედ წავიდა ომში და სწორედ იმ ნაწილში ჩარიცხეს, სადაც მისი ძმა, ალექსანდრე მსახურობდა. მაგრამ მასაც არ დასცალდა სიცოცხლე. 1917 წელს ისიც ვერაგულად იქნა მოკლული ომში. გადმოცემის თანახმად, მამამისს, ჯანსუღ დადეშქელიანს შვილის, ალექსანდრეს ნეშთი გადმოუსვენებია და დაუკრძალავს ქ.ზუგდიდში. მიუხედავად ასეთი ტრაგიკული ბედისა, სვეგამწარებულ დედას, ანეტა დადიანს არ შეუწყვეტია საზოგადოებრივი საქმიანობა. იგი მთარგმნელობით მოღვაწეობას ეწეოდა. მისი ლექსები იბეჭდებოდა ქართულ ჟურნალ – გაზეთებში. გადმოცემის თანახმად, ანეტა 11-12 წლის ყოფილა, როდესაც თავისი ბიძა აკაკი წერეთელი სტუმრად ჩამოსულა სოფელ ჯვარში. ეს იყო 1885 წელს. სტუმართმოყვარეობით განთქმულ ჯვარელებს და განსაკუთრებით დადიანებს საკადრისი პურ-მარილი გაუმართავთ სახელოვანი მგოსნისათვის. ჯვარში იდგა უძველესი და უზარმაზარი კაკლის ხე, რომელსაც "დადიანების ხეს" უწოდებდნენ. სწორედ აქ გაუშლიათ სუფრა საპატიო სტუმრისათვის. ანეტას აკაკისთვის თავისი ლექსი წაუკითხავს და შუბლზე უკოცნია. იმ დღის ამსახველი სურათი, რომელიც არაჩვეულებრივადაა დახატული და რომელზეც ჯვარელებთან ერთად აკაკი წერეთელიცაა წარმოდგენილი, დღესაც ამშვენებს ჩვენი სკოლის მუზეუმს. აღნიშნული კაკლის ხე გასული საუკუნის 70-იან წლებში გახმა. როგორც გადმოცემით დასტურდება, აკაკი წერეთელს ჯვარში სამი დღე დაუყვია და ამ ხნის განმავლობაში ადგილობრივი გლეხის გასვენებასაც დასწრებია. მეგრულ ქელეხს მისთვის დიდი შთაბეჭდილება მოუხდენია და გაკვირვებულიც კი დარჩენილა. აკაკი წერეთელი ჯვარს სულ ორჯერ ეწვია. ანეტა დადიანმა თავისი მამული გადასცა წერა-კითხვის გამავრცელებელ საზოგადოებას და მის სახლში გაიხსნა ორკლასიანი სკოლა. ასევე თავისი ქონების ნაწილი შეუწირავს სოფელ ჯვარის წმ. გიორგის ეკლესიისათვის. ანეტა გარდაიცვალა 1922 წელს და დაკრძალულია ჯგეგეს წმ. გიორგის ეკლესიაში.

აკაკი წერეთელი სტუმრად ჯვარში(წალენჯიხის რაიონი) ესწრებოდნენ: ანეტა დადიანი,მღვდელი სოლომონ გეთია, .შერვაშიძე, ჯანსუღ დადეშქელიანი, . დადიანი.



Comments

Popular posts from this blog

ენგურის ჰიდროელექტროსადგური